აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო ცხელი ხდება. რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა გადაცემის წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ახლა აშშ-ში ვითარდება, მაქსიმალურ ტემპს იკრებს წინასაარჩევნო კამპანია. სამშაბათს, 15 შტატში გაიმართა პრაიმერი როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიების კანდიდატების გამოსავლენად.
თუ დემოკრატების მხარეს არ ყოფილა სიურპრიზების მოლოდინი და ცხადი იყო, რომ ჯო ბაიდენი 15-ვე შტატში გაიმარჯვებდა, ერთგვარი ინტრიგა მაინც რჩებოდა რესპუბლიკურ პარტიაში, შეძლებდა თუ არა აწ უკვე ყოფილი კანდიდატი ნიკი ჰეილი რომელიმე პრაიმერში გამარჯვებას. მან ვერმონტის შტატში მოიგო და პრეცედენტი დაფიქსირდა, რომ პირველად ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპმა დანარჩენ 14 შტატში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მას ამჟამად დაახლოებით ათასამდე დელეგატის მხარდაჭერა აქვს. ოფიციალურად რომ გახდეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, სჭირდება 1215 ხმა, 2429-ის ნახევარზე მეტი. ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში, შემდგომ პრაიმერებში უკვე მიიღებს საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერას და ოფიციალური კანდიდატი გახდება. მოკლედ, გაიმართება 2020 წლის მატჩ-რევანში, როგორც ამას საექსპერტო წრეებში უწოდებენ.
ჯო ბაიდენის მიზანი და ამოცანაა კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს ის საფრთხე, რომელსაც ხედავს დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით და კიდევ უფრო მეტად მკვეთრი გახადოს მასსა და ტრამპს შორის განსხვავება მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში.
საინტერესოა სად წავა ნიკი ჰეილის (მოხსნა კანდიდატურა და ჩამოცილდა რბოლას) მხარდაჭერების ხმები. თუ შეიძლება ითქვას, იქნება სერიოზული ნადირობა ამ ხმებზე, რადგან მას მხარს უჭერდნენ ზომიერი რესპუბლიკელები, ასევე ქალაქის გარეთ მცხოვრები და დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომელთაც არ სურთ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მობრუნება.
ჯო ბაიდენს აქვს გარკვეული სერიოზული გამოწვევა საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჯერაც მიუღწეველია შეთანხმება საზღვრის დაცვის განმტკიცებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საკითხი კონგრესში შევიდეს. აქ არის წმინდა პოლიტიკური დაპირისპირების საკითხი, ვინაიდან ტრამპს არ სურს, რომ ბაიდენის თაოსნობით, მისი ძალისხმევით მოხდეს შეთანხმება. ისევე როგორც სხვა მწვავე საკითხებზე. ახლა ყველაფერს ფარავს საარჩევნო კამპანია და კანდიდატები ცდილობენ მაქსიმალური უპირატესობები მიიღონ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისგან.
გამოჩნდა, რომ ბაიდენს აქვს სირთულეები მუსლიმ ამერიკელებთან, ისევე როგორც დემოკრატიულ პარტიის მემარცხენე მყარ ამომრჩეველთან, რომელსაც არ მოსწონს ხისტი პოზიცია, რომლითაც ბაიდენმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელის ხელისუფლებას.
უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპი მიმართავს პრეზიდენტ ბაიდენს და ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე მზად არის დებატებისთვის. ტრამპი ვარაუდობს, რომ ის უფრო ცოცხლად და ენერგიულად გამოჩნდება და დაჯაბნის ბაიდენს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ტრამპისა და ბაიდენის ასაკი არის სერიოზული წუხილისა და განხილვის თემა ამომრჩეველში და ამან შესაძლოა სერიოზული როლი ითამაშოს.
ტრამპს ასევე გადასაწყვეტი აქვს ვინ იქნება მისი არჩევანი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებოიაზე. ასე რომ, ყველა ეს საკითხი იქნება მომდევნო კვირებისა და თვეების განხილვის თემები და ჩვენ მას აუცილებელად მივუბრუნდებით“.