LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ტერორის მსხვერპლთა ერთ-ერთ სამარხში 29 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი: IDFI

204
publika.ge-1-6-1024x683

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა.

ოქმი დათარიღებულია 1938 წლის 15 მარტით და მასში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს.

დოკუმენტის თანახმად, 1938 წლის 11 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა აღასრულეს 29 ადამიანის მიმართ.

„აღმოჩენილ ნეშტებს  ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა – ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები). ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ნარჩენები. ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი,

შესწავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს შორის ქალიცაა – 30 წლის მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული. მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამარხის დათარიღება 100%-იანი სიზუსტით, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

IDFI-ის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. კვლევით დადგინდა, რომ ამ 1050 ადამიანს შორის იყო 11 ქალი.

IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანია მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაშიც უნდა ჩაერთოს მთავრობა, სასულიერო პირები, სპეციალისტები და საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, რათა აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები