LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო გახდება – კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა

196
1

“2022 წლის მარტიდან, ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო გახდება” – “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უკვე წარუდგინა.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით:

?  B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ;

?  დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებს, მოუწევთ როგორც თეორიული გამოცდის, ასევე დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებაც.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმისათვის, რომ გამოცდის პირობებში კითხვები არ გაჩნდეს, შემოდის რეგულაცია, რომლითაც სრული გამოცდის ჩაწერა მოხდება:

“იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები გამოცდის პირობებში, შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება სრული გამოცდის ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება და თუკი გასაჩივრდება კონკრეტული მხარის მხრიდან გამოცდის შედეგები, მას საშუალება ექნება, გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს”, – თქვა დარახველძემ.

მან პარლამენტს ასევე წარუდგინა “შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება:

“რადგან დაემატა გამოცდის ახალი პროექტი, B და BE კატეგორიისათვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი. დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, ამ შემთხვევაში არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება.

ამ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საშუალება ექნება, გაიაროს თეორიული გამოცდა და 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახდელი წესდება 150 ლარის ოდენობით და თუ პირი ვერ ჩააბარებს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.