მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარი იქნება.
„ფორტუნას“ მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ არ იცვლება თეორიის გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის იგივე – 40 ლარი იქნება.
„არსებულ საფასურებში ცვლილება არ შედის. ნარჩუნდება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვების არსებული საფასური – 40 ლარი, რომელიც მოიცავს თეორიული გამოცდის მოქმედების ვადაში პირის პრაქტიკულ გამოცდაზე ხუთჯერ დაშვებას.
ამასთან, საფასური ემატება მხოლოდ ახალ მომსახურებებზე, კერძოდ: „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში) ერთჯერადად დაშვება ხდება 90 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 25 აპრილიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ჩაბარებისას ავტომატიკისა და მექანიკის ფასი ერთმანეთს გაუთანაბრდება – რაც ნიშნავს, რომ თეორიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, როგორც მექანიკის, ასევე ავტომატიკის არჩევის შემთხვევაში, მართვის მოწმობის აღების მსურველი გადაიხდის მხოლოდ 55 ლარს და ამ ფასის ფარგლებში ხუთჯერადად შეუძლია გეგმიურად გასვლა. შემდეგ უკვე გადაიხდის 90 ლარს და ქალაქის პირობებში ჩააბარებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს.
ამასთან პირი, რომელიც მეორე ეტაპს წარმატებით ვერ გადალახავს, შესაბამისი ვადით, შენარჩუნებული ექნება როგორც თეორიული გამოცდის, ასევე პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები. – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.