LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობას იღებენ, თუმცა ქუჩაში გასასვლელად მზად არ არიან: საჭიროა თუ არა ახალი ცვლილებები

54
FORTUNA.GE

2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ ნაწილს დაემატება მძღოლობის კანდიდატის გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში.
პირველი ეტაპი ჩვეულებრივ დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში (ქალაქში), წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე იქნება.
კონკრეტული ქუჩებისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იქნება.

ამ და სხვა საგზაო საკითხებზე “ავტორადიოს” სტუმარია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

ქალბატონო ეკა, როგორ შეაფასებთ დაგეგმილ ცვლილებებს მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით?

ეს კანონპროექტი უკვე რამდენიმე წელია მუშავდება და მოუთმენლად ველოდით მის ძალაში შესვლას. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ის სისტემა, რომელიც ახლა გვაქვს, მძღოლების სათანადო მომზადებას ვერ უზრუნველყოფს. როგორც წესი, მართვის მოწმობას იღებენ, თუმცა ქუჩაში გასასვლელად მზად არ არიან ხოლმე. პრობლემაა თეორიულ ცოდნასთან დაკავშირებითაც, ავტოსკოლები არ არის ლიცენზირებული. რეალურ სივრცეში გამოცდის დროს კი უკეთ გამოჩნდება ცოდნის დონე, კომპეტენცია და მზაობა.

რამდენად სწორია, რამდენად დროულია და იყო თუ არა საჭირო ამ ცვლილებების შემოღება?

დიახ, ეს ცვლილება ძალიან დროულია, ცოტა დაგვიანებულიც კი. დროული და ძალიან საჭირო კანონპროექტია.

ცვლილებები ეხება მოპედებსაც. როგორც ცნობილია, მოპედის მფლობელებმაც უნდა აიღონ მართვის მოწმობა. ქალაქში მართლაც მომრავლდა მოპედები და ალბათ ამ სიახლის საჭიროებაც დადგა…

მოპედი არის მაღალი რისკის შემცველი სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, ამ ტრანსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს და საკანონმდებლო ჩარჩოებს მიღმა დიდხანს ვერ დარჩებოდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლიდან სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდება და მოპედის მძღოლები წესებს აღარ დაარღვევენ. ეს კანონი პირველ რიგში სწორედ მათთვისაა, რათა არც თუ ისე დაცული ტრანსპორტის მართვისას უფრო უსაფრთხოდ იყვნენ.

საინტერესოა, ბოლო პერიოდში როგორი ტენდენცია შეინიშნება, საგზაო უსაფრთხოების მხრივ არის პროგრესი?

ახალი სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით გზებზე დაღუპულთა რიცხვი შემცირებულია. თუმცა, დაშავებულთა რაოდენობა და ზოგადად საგზაო შემთხვევების რაოდენობა მომატებულია. ამ კუთხით უფრო საფუძვლიანი ცვლილებებია მისაღები, რათა სამივე კომპონენტი შემცირდეს. ყოველწლიურად ავარიებში 500 ადამიანი გვეღუპება, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ძალიან ბევრია.

ტექინსპექტირებაზეც გკითხავთ. თითქოს ბოლომდე ვერ გაამართლა ჩანაფიქრმა…

ტექინსპექტირება ძალიან მტკივნეული საკითხია. გამონაბოლქვი ისევ გვაწუხებს, ცენტრებში მიმართვიანობა კი შემცირებულია. ეს ყველაფერი ამ რეფორმას აზრს უკარგავს. ქუჩაში უნდა იყოს გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმი, დასაწყისისთვის თუნდაც პერიოდულად მაინც. ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვფიქრობ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. თითოეულ მძღოლს ასეთი პასუხისმგებლობის აღებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.