15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარინა ჩოლოიანისთვის შეფარდებული 3-წლიანი პატიმრობა უსამართლო არ არის, თუმცა ოჯახი მაქსიმალურ სასჯელს, 5-წლიან პატიმრობას ელოდებოდა, ამიტომ გადაწყვეტილება შესაძლოა გაასაჩივრონ.
“ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას – 5 წელიწადს, თუმცა მიუსაჯეს 3 წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას გავივლი და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ 3 წელი ცუდი არ არის, რადგან ჩოლოიანის ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მისი უდანაშაულობა და ამბობდნენ, რომ არ არსებობს საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება”, – აცხადებს ბექა სირაძე.
გარდაცვლილი მოზარდის ძმა ასევე აცხადებს, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნა, ჩოლოიანის შემდეგ, საქმეში ფიგურანტი ყველა პირის დასჯაა.
“ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც ჩოლოიანთან ერთად მონაწილეობდნენ დაკითხვის პროცესში. ანუ მარტო მარიანა ჩოლოიანით არ შემოვიფარგლებით. ეს პროცესი, რაც სასამართლოში იყო გადმოტანილი, დასრულდა, თუმცა დანარჩენების მიმართ გამოძიება გრძელდება, არის რაღაც ფაქტები დანარჩენი პოლიციების მიმართაც, მაგრამ როგორც ვიცი ჯერჯერობით მხოლოდ სამართლებრივი დევნაა დაწყებული მათ წინააღმდეგ და ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის ბრძოლას, რომ ეს ადამიანებიც დაისაჯონ”, – აცხადებს გარდაცვლილის ძმა.
ამასთან, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია.
ადვოკატის თქმით, “დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა”.
შეგახსენებთ მოზარდისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ მარიანა ჩოლოიანს დღეს, 9 სექტემბერს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
15 წლის ბიჭი, დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა და გასული წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარინა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა