LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა ფიქრობთ, რომ ლარის ნაცვლად, ახლა დოლარს, ევროს ან ორივეს რომ ვიყენებდეთ, ინფლაცია არ გვექნებოდა – აკაკი ცომაია

76
აკაკი-ცომაია-1

ეკონომისტი აკაკი ცომაია ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ეკონომიკა, ფაქტობრივად, მონოპოლიზირებულია. თითქმის ყველა დარგში გავლენები და კლანებია.

„მხვდება პოსტები, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზი სებ-ის ფულის ბეჭდვაა, რადგან თურმე ფულის მასა გაზრდილა. არც დაბეჭდა და არც თვითმფრინავიდან ჩამოყარა. უფრო მეტიც, პოლიტიკის შერბილება ლოქდაუნის დროსაც ვერ გარისკა ინფლაციის მოლოდინის შიშით და პირიქით, ამკაცრებს და ამკაცრებს. ვისაც იპოთეკური სესხი გაქვთ, ხომ ატყობთ ჯიბეზე. ფულის მასის ზრდა კი სებ-სგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება და ისეთივე წონა აქვს ამ ფაქტს, როგორც უსარგებლო კორელაციებს, რომლიდანაც დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. ამაზე თავად სებ-მა ილაპარაკოს. მისი ვალდებულებაა საზოგადოებასთან კომუნკაცია. მე სხვა რამე მაინტერესებს. მართლა ფიქრობთ, რომ ლარის ნაცვლად, ახლა დოლარს, ევროს ან ორივეს რომ ვიყენებდეთ ინფლაცია არ გვექნებოდა? პირიქით, შეიძლება მეტიც ყოფილიყო“, – ამბობს აკაცი ცომაია და საზოგადოებას შემდეგი კითხვები მიმართავს:

– რატომ გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ მთავრობა აქტიურად ხარჯავს საგარეო ვალს?

-რატომ არ უშვებთ, რომ მაღალი კორუფციის გამო, მთავრობის კაპიტალური დანახარჯების გარკვეული ნაწილი სასაქონლო ბაზარზეც ხვდება?

– რატომ ვერ ხედავთ, რომ ეკონომიკა, ფაქტობრივად, მონოპოლიზირებულია. თითქმის ყველა დარგში გავლენები და კლანებია?

– რატომ ვერ ხედავთ, რომ ნედლეულზე ფასები იზრდება საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით, ნავთობზე.

– რატომ ვერ ამჩნევთ, რომ ჩვენი  ნედლეულის ექსპორტი იზრდება. მათ შორის ხორცის, ხილის. თუ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტი არ ზრდის ფასებს

– რატომ ვერ ხედავთ, რომ ფასების გაზრდას ენერგომატარებლებზე ერთი მხრივ, პირდაპირი ეფექტი აქვს. დიდი დოზით ზრდის ფასების დონეს ერთჯერადად და მეორე მხრივ, ჯაჭვური ეფექტი აქვს, რადგან ზრდის სხვა საქონლის ხარჯებს

– რატომ ვერ ხედავთ, რომ ტრანსპორტის შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით წარმოშობს ლოჯისტიკის პრობლემებს და ეს აძვირებს პროდუქციას.

„კიდევ ბევრ მიზეზს დავასახელებ, მაგრამ შეთქმულების თეორიების უფრო მეტად გვჯერა. მთავარია ირწმუნო, რომ სებ-ი ბეჭდავს. არ ვარ სებ-ს ადვოკატი და არის თემები, რაშიც სებ-ს არ ვეთანხმები. თუმცა, როგორ ვიყო ჩუმად ამ სფეროს ცოდნის პრეტენზიის მქონე და არ გავცე პასუხი მათ, ვისაც სჯერა რომ სებ-მა ფული დაბეჭდა. ან ვისაც სჯერა, რომ ინფლაცია არ გვექნებოდა, ჩვენი ფული ახლა დოლარი რომ იყოს, ლარის ნაცლად“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

შეგახსენებთ, აგვისტოს თვის მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაცია 12.8%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები