კომპანია „სისტრას“ კვლევის მიხედვით, ორ თვეში დედაქალაქის მერიას ეცოდინება სულ რამდენი ავტობუსი იქნება საჭირო, იმისთვის რომ თბილისში მცხოვრებლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ამის შემდეგ დაიგეგმება, ახალი ავტობუსების შესყიდვის შემდეგი ეტაპი და ქალაქში სატრანსპორტო ხაზების მთლიანად გადაგეგმარება მოხდება. ცვლილებები ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებსაც შეეხება. შეიქმნება პირველადი, მეორადი და მესამედი ხაზები. პირველად და მეორად ხაზზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო მიკროავტობუსები, მოსახლეობას მთავარ ხაზებთან დააკავშირებს.
გარდა ამისა, მერია მიკროავტობუსების კომპანიას ახალ პირობებს წაუყენებს, რომელიც როგორც მგზავრების, ისე მძღოლების პირობებს გააუმჯობესებს.
„კომპანია “სისტრამ” გამოავლინა, რომ ტრანსპორტი პირველად, მეორად და მესამედ ხაზებად უნდა დაიყოს. პირველად იქნება ძირითადი დერეფნები – ქალაქის მაგისტრალური და ცენტრალური გზები, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მათთან დაკავშირება მოხდება მეორადი ხაზებით – 10 და 8-მეტრიანი ავტობუსებით. გარეუბნებიდან ამ ორ ძირითად მარშრუტს ხალხი დაუკავშირდება მესამედი ხაზით – მიკროავტობუსებით.
ვინაიდან კომპანია თბილისის მიკროავტობუსს 2031-მდე მოპოვებული აქვს ოპერირების უფლება, ჩვენ მათ შევთავაზებთ ახალ პირობებს, ახალ მარშრუტებს და კონკრეტულ შემჭიდროებულ ვადებში დაველოდებით მათი მხრიდან მოქმედებას. მდგომარეობა, რაც მიკროავტობუსის მძღოლებთან არის დაკავშირებული უნდა გაუმჯობესდეს. ვალდებულებებში გაიწერება ისიც, რომ მიკროავტობუსს კომპანიამ უნდა მიხედოს და არა მძღოლმა,“ – განაცხადა მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „ავტორადიოს“ ეთერში.
როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა განაცხადა, დიდ მარშრუტებზე ამ განახლების შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის 30 წუთამდე უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, 2019 წლის ბოლომდე ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად უნდა ჩანაცვლდეს.
„დედაქალაქს ტრანსპორტის განვითარების გეგმა აქამდე არ ჰქონია. ამ გეგმის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესია. ჩვენ პირობა გვაქვს აღებული, რომ 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები აღარ იქნება. გვეყოლება ახალი ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები.
ამ ეტაპზე ქალაქში 144 ერთეული ლურჯი ავტობუსი დადის. მეორე ეტაპისთვის შევიძინეთ 90 ცალი 10 მეტრიანი მწვანე ავტობუსი. 40 უკვე დედაქალაქშია და მზადება მიდის მათი ხაზებზე გაშვებისთვის.
დანარჩენი 220 ავტობუსის შეძენის პროცესი მიმდინარეობს. ეს სახელმწიფო ტენდერი გასაჩივრებული იყო და ველოდებით პასუხს. ვიმედოვნებ დროულად წარიმართება ეს პროცესი და ეს 220 8 მეტრიანი ავტობუსიც დაემატება დედაქალაქს.
შემდგომ უკვე ვიხელმძღვანელობთ იმ კვლევით, რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. სწორედ ამ კვლევაზე ვართ დამოკიდებული. ორ თვეში მივიღებთ, კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რამდენი და რამდენმეტრიანი ავტობუსი უნდა შევიძინოთ კიდევ იმისთვის, რომ სრულად მივიღოთ საავტობუსო ხაზების ახალი სისტემა,“ – განაცხადა მამუკა მუმლაძემ „ავტორადიოს“ ეთერში.
ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვარაუდობს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებული სქემა ოქტომბერში დამტკიცდება. მანვე აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად დაახლოებით, 4-თვიანი კამპანია იგეგმება.