LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო.. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია“ – ევგენი პრიგოჟინი

191
Untitled design (1)

რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად არ წასულან“. პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, პრიგოჟინი ამბობს, რომ „მარში უსამართლობის გამო დაიწყეს და აჩვენეს მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია“.

„ჩვენი მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო, გზად ჩვენ არ მოგვიკლავს არცერთი სამხედრო ხმელეთზე, სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. გზად მოსახლეობა გვესალმებოდა. არ გვქონია კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის“ დონის სამხედროები. მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსების სისხლს არ დავღვრი” – ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს

რუსეთში „ვაგნერის“ აჯანყების შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, რუსულმა არმიამ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი – რუსული მედია

ცნობისათვის, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები