ევროპალიგის მორიგ მატჩამდე, როგორც წესია ხოლმე, მარსელში ჩასულმა ”ბრაგამ” ”ველოდრომზე” ვარჯიში გამართა. ამის შემდეგ კლუბის თანამშრომლებმა ეკიპირება გასახდელში ჩაკეტეს. დილას კი ინვენტარი მოპარული დახვდათ, მიუხედავად მასპინძლების მტკიცებისა, რომ გასახდელს დაცვა ყარაულობდა.
კარის გატეხვის ნიშნები პოლიციამ ვერ აღმოაჩინა. ”მარსელმა” პორტუგალიელებს ორი ვარიანტი შეთავაზა: ესარგებლათ კერძო თვითმფრინავით და პორტუგალიაში ახალი ეკიპირებისთვის გაფრენილიყვნენ, ანაც საჭირო ზომების ბუცების თავიდან შეძენა.
”ბრაგამ” შეთავაზებაზე სასპონსორო კონტრაქტების გამო უარი თქვა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეკიპირება იმ სასტუმროში იპოვეს, სადაც ”ბრაგა” გაჩერდა. ამის შემდეგ მალევე პორტუგალიელები ”მარსელის” ხელმძღვანელობას ისევ დაუკავშირდნენ და ფრანგებს 7 წყვილი ”ადიდასისა” და ”ნაიკის” ბუცი და 4 წყვილი ”პუმას” სპორტული ფეხსაცმელი მოთხოვეს.
მატჩი კი ფრანგების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.