სოციალურ ქსელში კვლავ არ ცხრება აჟიოტაჟი შსს-ს კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ მხრივ ყველაზე აქტიური საპროტესტო აქციების საორგანიზაციო სოც-ქსელის გვერდი ”მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა” აქტიურობს.
ამის დასტურია ის ვრცელი ტექსტიც, რომელის გვერდის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა გურამ ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა:
”ძალიან ბევრი გვწერს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ მივიღოთ შედეგი, რომელიც ხალხზე იქნება ორიენტირებული. ძალიან ბევრი თქვენგანი იჩენს ინიციატივას, რომ რადიკალური ზომები მივიღოთ, გადავკეთოთ გზები და ქუჩები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაველოდოთ.
შემდეგი კვირიდან იწყება საკომიტეტო მოსმენები, რომელსაც პირადად მე და საორგაიზაციო ჯგუფის წევრები დავესწრებით აცილებლად და ჩვენს სათქმელს უშუალოდ მათ ვეტყვით, ვინც შემდეგ უნდა დაამტკიცოს ან ჩააგდოს კანონპროექტი…
მინდა გითხრათ, რომ საქმეს კიდევ ართულებს ამ პაკეტში არსებული ახალი რეგულაციები განბაჟებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეებს ფაქტობრივად აღარ აძლევს საშუალებას შეიძინონ ავტომობილები. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად მივიტანოთ მოქალაქეების სურვილები და პრობლემები პოლიტიკოსების ყურამდე. ისინი ვალდებულნი არიან მოგვისმინონ და მიიღონ მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ ჩვენ გავხდებით იმის გარანტი, რომ სულ მალე გავისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, შევდივართ ბრძოლის აქტიურ ფაზაში, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. მადლობა თქვენი აქტიურობისთვის, თქვენი თანადგომისთვის და თქვენი გაერთიანებისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლების მესამე ტალღას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუ სოც-ქსელის მომხმარებლებს დავუჯერებთ, საუბარია გზების გადაკეტვასა და უკიდურესი ზომების მიღებაზე.