საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტების – ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან – 90, გურანდა გაბუნიას დაბადებიდან კი 85 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა გაიხსენეს ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას მიერ განსახიერებულ როლები, წაიკითხეს ფრაგმენტები მათი ინტერვიუებიდან, სხვადასხვა სატელევიზიო თუ რადიოჩანაწერებიდან. ღონისძიებაზე აჩვენეს ფრაგმენტები მათი თეატრალური და კინომოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟებიდან, გაიხსენეს უნიკალური ჩანაწერები ტელევიზიის ოქროს ფონდიდან და რადიოფონდიდან.
ყველასათვის საყვარელი მსახიობების ხსოვნას პატივი მიაგეს მათმა კოლეგებმა და მეგობრებმა: იმედა კახიანმა, ლევან წულაძემ, ნანი ჩიქვინიძემ, ნანიკო ხაზარაძემ და სხვებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები.
გურანდა გაბუნიამ თავისი გამორჩეული, დახვეწილი არტისტიზმით და ტემპერამენტით კინოსა თუ თეატრში არაერთი სახასიათო სახე შექმნა. იგი 1967-1970 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, 1970-1975 წლებში მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1975 წლიდან კი შემოქმედებითი საქმიანობა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაგრძო. მან ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. მსახიობი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ოთარ მეღვინეთუხუცესმა, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილმა მსახიობმა, თავისი მოღვაწეობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი წარმატება მოიპოვა. მან არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო სახე შექმნა როგორც თეატრში, ისე – კინოში. მისი განსახიერებული დაუვიწყარი პერსონაჟები დღესაც მაყურებლის დიდ სიყვარულს იმსახურებენ.
1954-1967 წლებში ოთარ მეღვინეთუხუცესი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, 1967-1975 წლებში რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. 1975 წლიდან იგი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა, 1995 წელს კი ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. კოტე მარჯანიშვილის თეატრის წინ არის მსახიობის სახელობის ვარსკვლავი.
2015 წელს თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა.