“უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა” – აცხადებს ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო და აღნიშნავს, რომ საჭიროა საპორტო ქალაქიდან მოსახლეობა სრულად იყოს ევაკუირებული.
როგორც The Kyiv Independent წერს, ქალაქის მერის განცხადებით, მარიუპოლში, ამ დროისთვის ალყაშია მოქცეული დაახლოებით 160 000 ადამიანი.
ბოიჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა იბომბება, მოსახლეობა კვლავ წყლის, საკვების, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
მისივე თქმით, 26 ავტობუსი მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, თუმცა რუსი სამხედროები არ თანხმდებიან მათს უსაფრთხო გამოყვანას:
“ქალაქში ვითარება კვლავ რთულია. ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. მარიუპოლის სრული ევაკუაცია გვჭირდება. რუსეთის ფედერაცია გვეთამაშება, ჩვენ დამპყრობლების ხელში ვართ”, – აღნიშნა მერმა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, დღეს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში უსაფრთხო დერეფნები არ გაიხსნება, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების ეშინია:
“ჩვენმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტებზე შესაძლო პროვოკაციებზე. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დღეს არ ვხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
–