ქართული სამკაულის სახლი ”მარილისი” თბილისში პირველ მაღაზიას ხსნის. როგორც ”ფორტუნას” ”მარილისის” გაყიდვების მენეჯერმა მარიამ გოგიბედაშვილმა განუცხადა, ქართული სამკაულის სახლი ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს გამორჩეულ და ექსკლუზიურ ნამუშევრებს სთავაზობს.
”სამკაულები მზადდება ჩვენივე სახელოსნოში, სადაც პროფესიონალი მხატვრები და დიზაინერები ქმნიან ნამუშევრებს. თითოეული სამკაული მუშავდება ხელით. გვაქვს როგორც ინდივიდუალური ნამუშევრები, ისე სერიული. რაც შეეხება მასალას, რომლითაც ”მარილისის” პროდუქცია მზადდება არის – ვერცხლი და ოქრო”, – აღნიშნა გოგიბედაშვილმა. მისივე ინფორმაციით, სამკაულების გასაყიდი ფასი ვერცხლის შემთხვევაში 22 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის. რაც შეეხება ოქროს, აქ კომპანიას ორი მიმართულება აქვს: შეზღუდულ კოლექციაში ფასები 60 დოლარიდან- 5 000 დოლარამდე მერყეობს, ექსკლუზიურ კოლექციაში კი სამკაულების ფასი 7000-იდან იწყება.
როგორც ”მარილისის” გაყიდვების მენეჯერმა განმარტა, კომპანია თბილისში მაღაზიის გახსნის გარდა, 2 კვირაში საირმეში , სასტუმრო Resort Sairme-ში საკუთარ ვიტრინას განათავსებს. ”მუდმივად ვფართოვდებით და საქართველოს მასშტაბით ვამატებთ ახალ ვიტრინებს. ამ ეტაპზე ჩვენი სამკაულები წარმოდგენილია კახეთში, სასტუმრო ”შატო მერესა” და ”როიალ ბატონში”, ბათუმში ”პიაცაზე”, ბორჯომში კი პრემიუმ კლასის მაღაზიას ვფლობთ.
ცნობისთვის, ქართული სამკაულის სახლი „მარილისი” 8 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი.