LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანის დეკრიმინალიზაციამ შესაძლოა მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდოს – ეკა ბესელია

83

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.  ეკა ბესელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა, საბოლოოა. ამავე დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციამ შესაძლოა მისი მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდოს.

„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი და ჩვენ ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, რომელშიც, ასევე იყო გათვალისწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა.

რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდა მომხმარებელთა რაოდენობას. ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძიებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“–განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დღეს გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები