პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები 81 ხმით, სამის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის – მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანასთვის დიდი ოდენობების ცვლილებას; კერძოდ, მცენარე კანაფისთვის დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1000 გრამი (ნაცვლად 250 გრამისა). ხოლო მარიხუანასთვის დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში – 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა);