LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ამ ფაქტმა დამაკარგვინა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მეგობარი მეგონა…“

922
მარიკა ბაკურაძე

2023 წელი მარიკა ბაკურაძისთვის საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. სირთულეებიც იყო და განსაკუთრებულად კარგი ამბებიც, თუმცა, ამ ყველაფერზე თავად უყვება ჟურნალ „თბილისელებს“.

მარიკა ბაკურაძე:

წუწუნი არ მიყვარს, მესმის, რომ უკეთესზე უკეთესი არსებობს, მაგრამ ყოველთვის უნდა დავაფასოთ ის, რაც გამოგვივიდა, ის, რაც დაგეგმილი გვქონდა და განვახორციელეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ 2023 წლის. ჯანმრთელობა და მშვიდობა რომ ყველას გვინდა, ეს განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს წელი ჩემთვის კიდევ რამდენიმე პუნქტით იყო მნიშვნელოვანი.

პროფესიული თვალსაზრისით ძალიან სერიოზული წინსვლა მქონდა იმ მხრივ, რომ წელს გავხდი „ოქროს გლობუსის“ საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის წევრი. მომეცა საშუალება, რომ მსოფლიო კინოს შერჩევის პროცესში მეც ჩავრთულიყავი, მენახა 214 ფილმი, რომელიც წელს არის წარდგენილი ამ პრემიაზე. შემერჩია ფილმები, ხმა მიმეცა ჩემი ფავორიტისთვის და ეს იყო, დაახლოებით, რვათვიანი პროცესი. მთელი ეს თვეები ახლო შეხება მქონდა დიდ კინოსთან და ეს იყო ძალიან სერიოზული სამუშაო. თან, ამ საქმეს ჩემი ქვეყნის სახელით რომ ვაკეთებდი, როგორც ქართველი ჟურნალისტი, ძალიან ამაყი ვიყავი. უდიდესი მადლობა ქართული ფილმის ხელმძღვანელს, ხათუნა ხუნდაძეს, ვინც ჩემი კანდიდატურა ამ პოზიციაზე წარადგინა. რთული იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო და იმდენად მიხაროდა, რომ დიდი ამბის ნაწილი ვიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავატარე ეს სამუშაო.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ წელს უკავშირდება, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ბევრი რამ დამანახვა. ეს იყო ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გამათავისუფლეს ერთი მესიჯის საფუძველზე, სრულიად უმიზეზოდ. მათი თქმით, დაიწუნეს ჩემი მუშაობის ხარისხი. არადა, იმ დილითაც ვმუშაობდი და ჩემს მუშაობას უხარისხობის არაფერი ეტყობოდა, თან ამ საქმეს 15 წელი ვაკეთებდი. რეალურად, ეს იყო არსებული საშინელი დეპოლარიზაციის შედეგი. ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ორ პოლიტიკურ ფრთად არის დაყოფილი და რადგან მე ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, მათ კი ჩვენი ჟურნალისტებისა და ტელევიზიის მიუღებლობა აქვთ, გამოვიდა, რომ მათ ღიად გამისწორეს ანგარიში. გარკვეულწილად, ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი – ადამიანის დევნა. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ფაქტმა ძალიან ბევრი ადამიანის რეალური სახე დამანახვა. დამაკარგვინა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მე მეგობარი მეგონა. მე ასე მეგონა, მაგრამ მათ წარბიც კი არ შერხევიათ ამის გამო, მხარდაჭერაზე ზედმეტია ლაპარაკი. ესენი, ძირითადად, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს წარმომადგენლები არიან, ვინც ჩემი მოწყობილი პრეზენტაციებით დაიწყეს თავიანთი კარიერა, მაგრამ ახლა ვერ მოერივნენ „ბაბლისგან“ ბულინგის შიშს, რომ ელემენტარულად, ჩემ მხარდასაჭერად ორი სიტყვა ეთქვათ. მათ თუ ეს ჰგონიათ სიტყვის თავისუფლება, კი ბატონო. მეორე მხრივ, ამ ამბის გახმაურებამ გამოიწვია უბრალო ადამიანების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემ მიმართ. იმდენი უცხო ადამიანი მაჩერებდა ქუჩაში თუ მწერდა სოციალურ ქსელში და მეუბნებოდა, რომ მხარს მიჭერდა და ვუყვარდი, რომ ჩემი აზრით, ნამდვილად ღირდა ამ ყველაფრად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები