მოდელი და ტელეწამყვანი, მარიამ სანოგო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პირადი ცხოვრების და კარიერის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, 2022 წელს მისი გეგმები და ოცნებები თითქმის სრულად განხორციელდა და წარმატება მისი თანამგზავრი იყო.
– 5-წლიანი ოჯახური ცხოვრებისას რა ეტაპები გაიარეთ?
– ოჯახურმა 5-მა წელმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. როდესაც შენ უკან შვილი დგას, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩემი მეუღლე. თუ ოდესმე წარმომედგინა, როგორი იყო იდეალური პარტნიორული ურთიერთობა, ალბათ ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი.
კაცებს ხომ ხშირად ახასიათებთ იმის გაპროტესტება, რომ მეუღლე უფრო დიდ დროს უთმობს კარიერას, ვიდრე ოჯახს. ჩემ გარშემოც ძალიან ბევრ გოგოს უთქვამს უარი კარიერაზე, თავის ინტერესებზე იმის გამო, რომ ოჯახი და ქმარი მოითხოვდა ამას. ჩვენს ოჯახში პირიქით, მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ ერთმანეთს.
– როგორი ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა სიყვარულმა ამ 5 წლის განმავლობაში?
– 5 წლის შემდეგ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად გამგები გავხდით. ყოფითი პრობლემები ჩვეულებრივად უნდა მიიღო. ჩვენი შვილი უკვე 4 წლის არის და ახლა მთავარი საზრუნავია მისი აღზრდა, სკოლისთვის მომზადება. შესაბამისად, ცხოვრებისეული დავალებებიც უფრო რთულდება, მაგრამ ეს უკვე გაცნობიერებული გვაქვს.
ჩვენს შვილს აუცილებლად ეყოლება დედმამიშვილები. თავადაც ერთი უმცროსი ძმა მყავს, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეუღლეს სამი დედმამიშვილი ჰყავს და ზუსტად იცის, რამხელა ბედნიერებაა ეს, ამიტომ აუცილებლად მინდა, რამდენიმე შვილი მყავდეს.