ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მსგავსად, მომწამვლელი ნივთიერებით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს.
აღნიშნულის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ვდგავართ ინტოქსიკაციის პრობლემის წინაშე. შესაძლებელია მძიმე მეტალებით და შესაძლებელია, ახლა ჩვენ ახალ დასკვნაში, ახალ ანალიზებს ვითხოვთ, რაც არის ფოსფორორგანულ ნაერთებზე მოწამვლის ტესტები. ნავალნი როგორც იყო მოწამლული და შესაბამისად ის საჭიროებს სპეციალურ ღონისძიებებს, სპეციალურ დეტოქსიკაციას. შესაბამისად სოფლის ორღობეებში რომ ვატაროთ ეს ადამიანი, ამის დრო არ არის.
ეს არის ჩემი მოსაზრება, მჭირდება გარკვეული ტოქსიკოლოგიური კვლევები ამ მიმართულებით და ეს თუ არ ჩატარდება, სადაც არ უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი, მაინც ჩატარდება ეს კვლევები, იმიტომ რომ ის ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, რაც ახლა მთელ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ანგრევს, ძალიან წააგავს ამ ფოსფორორგანული ნივთიერებებით ინტოქსიკაციას.
გერმანიიდან ჩვენმა ქირურგმაც დაადასტურა, რომ სურათი ძალიან ჰგავს ამ ვერცხლის წყლით ინტოქსიკაციას, მაგრამ მთლიანობაში თუ განვიხილავთ – აქ არის ნეირო-ტოქსიკური მოქმედების რაღაც გამოყენებული, სავარაუდოდ და ამას სჭირდება გამორიცხვა. მისი კლინიკური სურათი, ამ ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, სწრაფმავლად მისული დემენცია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი არის”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი ჯერ რუსეთში რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს, საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, 22 აგვისტოს გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიიდან დაბრუნებული ნავალნი კი ამ დრომდე რუსეთის ციხეში პატიმრობაში იმყოფება.