LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილი გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავა: „ყველა შემთხვევაში იქ მომიწევს ყოფნა, სადაც ჩემი მეუღლე საქმიანობს…“

21671
მარიამ ელიეშვილი

პოპულარული მომღერალი მარიამ ელიეშვილი ახლახან დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა კარიერის მიტოვებას არ აპირებს – მისი მომავალი მეუღლე მოტივირებულია, რომ მომღერალს ყველანაირად შეუწყოს ხელი. მარიამი უკვე ახალ სიმღერებზეც მუშაობს. წყვილი ქორწილის გადახდაზეც ფიქრობს, თუმცა ჯერ საბოლოო დეტალები დაზუსტებული არ არის.

მარიამი თავის სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე fortuna.ge-ს ესაუბრა.

 

მარიამ, პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას. მოგვიყევით თქვენი რჩეულის შესახებ… როგორ გაიცანით ერთმანეთი?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის!.. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გაიზიარა ჩვენი ბედნიერება. უამრავი ადამიანის სითბო, სიყვარული და კომენტარები მივიღეთ. მეც და გიორგისაც გვინდოდა მადლობის გადახდა ყველა მათგანისთვის. დიდი სიყვარული და პატივისცემა გვინდა დავუდასტუროთ თითოეულს.

მე და გიორგიმ ერთმანეთი საერთო სამეგობროში გავიცანით. შემდეგ პერიოდულად ერთმანეთს ვხვდებოდით ხოლმე ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩემს კონცერტებზე. იქ ჩამოდიოდა ხოლმე გიორგი ჩემს ღონისძიებებზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დავაგვირგვინეთ ნიშნობით, რომელიც თბილისში, ოქტომბრის ბოლოს შედგა.

როგორი იყო ნიშნობა?

დაუვიწყარი და ძალიან ლამაზი. ჩვენი ოჯახის წევრებიც ჩართულნი იყვნენ და მაქსიმალურად ეცადნენ, რომ უამრავი ლამაზი დეტალით ყოფილიყო გაფორმებული…

რა თვისებებით მოიხიბლეთ თქვენ და გიორგი რას ამბობს, თავად ყველაზე მეტად რით მოხიბლეთ?

გიორგის აქვს ყველა ის თვისება, რაც მამაკაცს უნდა ჰქონდეს, არის გულიანი, მოსიყვარულე, თბილი, ვაჟკაცური, ყურადღებიანი… გიორგიც ამას ამბობს და ამას ვერ ავუვლით გვერდს, რომ როცა ერთმანეთი ვნახეთ  და თვალის კონტაქტი შედგა, პირველ რიგში, ვიზუალურად მოგვეწონა ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ იმდენი ღირსება და თვისება აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, რომ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაამყარა პირველი ეფექტი. გიორგი აღნიშნავს, რომ მისთვის სასიამოვნო იყო, როგორი ურთიერთობა მქონდა დედასთან და რა პატივისცემით ვსაუბრობდი მასზე. მანამდე ჩემი ინტერვიუებიც უნახავს და ჩემზე ამითაც შეექმნა შთაბეჭდილება. ერთმანეთს პირველად რომ ვკითხეთ, რით მოვიხიბლეთ, ეს დაასახელა.

ალბათ, თავადაც კარგი დამოკიდებულება აქვს დედასთან… 

გიორგის დედასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მისი დედიკო ჩემი კარგი მეგობარია და ჩემს დედასთანაც გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. საერთო ღირებულებები გვაქვს, საერთო ინტერესები და ერთნაირ რაღაცებს ვცემთ პატივს…

მართალია, რომ აშშ-ში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას?

ყველა შემთხვევაში მომიწევს გადასვლა იქ, სადაც ჩემი მეუღლე იქნება. დროებით აქ ვარ და ვაგრძელებ კარიერას, მაგრამ გიორგი წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. მეც ჩემი მეუღლის გვერდით ვიქნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ ჩამოვალთ ხოლმე. ხან აქეთ ვიქნებით, ხან იქით, მაგრამ ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი ამერიკა იქნება.

 

კარიერას აგრძელებთ?

აუცილებლად. მან გამიცნო, როგორც მომღერალი. ძალიან მოსწონს, რასაც ვაკეთებ. ქართული კულტურა მისთვის მნიშვნელოვანია, პატრიოტია და ჩემი პროფესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ქვეყნის გარეთაც გავაგრძელებთ და გავიტანთ უფრო დიდ მასშტაბზე, როგორც შეგვეძლება. ახლაც ვაგრძელებ ახალი სიმღერების ჩაწერას, ვარჩევთ რეპერტუარს და გიორგიც ჩართულია ამ საქმიანობაში. ჩემს მსმენელს ახალ სიმღერებს არ მოვაკლებ…

ქორწილს როდის გეგმავთ?

თარიღი ზუსტად არ ვიცით, ალბათ, შევთანხმდებით. აუცილებლად იქნება ძალიან მუსიკალური, იქნება ქართული ელემენტებით გაჯერებული, რა თქმა უნდა, სამოსშიც ქართულ ელემენტებს შევიტანთ. გვინდა, საიდანაც ვართ, ეტყობოდეს ქორწილს, ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, სად გადავიხდით ქორწილს. ისე არ გავაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არ გვქონდეს ქორწილი…

ინტერვიუ: ნინო მყრღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები