თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშების პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა, ჩემპიონ-პრიზიორები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ – ვაჟები მედლებისთვის 60 და 66 კილოში, ხოლო ქალები 48, 52 და 57 კილოში იბრძოდნენ. დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 9 ძიუდოისტი გავიდა და ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ვინც გადამწყვეტი ორთაბრძოლა იტალიელ ფაბიო ბასილეს ვაზარით მოუგო, გრან პრის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი 300 სარეიტინგო ქულა მიითვალა და რიოს ოლიმიადის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი გრან პრის გამარჯვებული პირველად გახდა.
ფინალამდე მან, დაამარცხა – საუდის არაბეთის წარმომადგენელი სულეიმან ჰამადი, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია, თურქი სინან სანდალი და ნახევარფინალში ებრაელი ტალ ფლიკერი, ვისაც ვაზარი აუღო, შემდეგ კი სუფთა გდებაც მიაყოლა და ფინალში გავიდა.
ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) უკრაინელი დენის ბილიჩენკოს დამარცხების შემდეგ, ყირგიზ ოთარ ბესტაევთან წააგო და დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც რეპეშაჟის ნახევარფინალი ბულგარელ იანისლავ გერჩევს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანს, იგივე ბექირ ოზლუს ვაზარით მოუგო.
მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) პირველი წრე ყაზახ გაუკხარ ტურმახანოვასთან გამარჯვებით დაძლია, მეორე წრეში ბელარუს მარია სრიპნიკს აჯობა, შემდეგ კი ტიტულოვან ბრაზილიელ ერიკა მირანდაზე გავიდა, ვისაც დაძაბულ ორთაბრძოლაში ორი გაფრთხილებით აჯობა. ჯანაშვილი ნახევარფინალში ებრაელ გილი კოენს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი სამხრეთ კორეელ კიმ მი-რისთან გამართა და ვაზარით წააგო.
25 მარტი. ახალი სპორტის სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი
ქალები
48 კგ
1. მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)
2. ტაკიანა ლიმა (გვინეა-ბისაუ)
3. ოტგონსტეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
3. მარიანა ჩერნიაკი (უკრაინა)
52 კგ
1. ოდეტე ჯიფრიდა (იტალია)
2. გილი კოენი (ისრაელი)
3. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3. კიმ მი-რი (სამხრეთ კორეა)
57 კგ
1. რაფაელა სილვა (ბრაზილია)
2. ნორა გჟაკოვა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)
3. მირიამ როპერი (გერმანია)
3. ჰედვიგ კარაკასი (უნგრეთი)
ვაჟები
60 კგ
1. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
2. ამარტუვშინ დაშდაავა (მონღოლეთი)
3. ბოლბაატარ განბატი (მონღოლეთი)
3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2. ფაბიო ბასილე (იტალია)
3. სინან სანდალი (თურქეთი)
3. ჟენსეი სმაგულოვი (ყაზახეთი)