საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ანდრეი კისკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის პრეზიდენტს, იმისთვის რომ მობრძანდა აქ და თავისი თვალით ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რაც ხდება საქართველოს მიწაზე და რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ.
ისევე, როგორც დაინგრა სხვა კედლები ევროპაში, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ბუნებრივია, ეს კედელიც დაინგრევა და ჩვენს მოქალაქეებს, იქნებიან ისინი ეთნიკურად ქართველები თუ ოსები, მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ, გავუწოდოთ მეგობრობის ხელი და გადავუწყვიტოთ ის პრობლემები რაც აქვთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.