გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაძაბულობის მუხტის შეტანისგან. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, შს მინისტრის პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ, სრულიად ადეკვატური იყო.
„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში, არჩევნებში, გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“, – განაცხადა მიშველაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფების მიერ ფარული ჩანაწერების გამოყენება-გავრცელება სამწუხარო ფაქტია.