LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: „მხიარული კომენტარია, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ პატარა თანხით – 11 500 დოლარით, ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო, თანხის სიმცირე იყო“

170
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია, ამაზე სიღრმისეული და სერიოზული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს“, – ასე გამოეხმაურა მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც, მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

„ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული: როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს.

მხიარული კომენტარია: თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,  რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.

მედიის ინფორმაციით, ირკვევა, რომ აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

„დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო“, – აღნიშნულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები