LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

109
მრგვალი მაგიდა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სემეკის თავმჯდომარემ დავით    ნარმანიამ, დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

„2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, ერთიანი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიანი პრინციპების მართვა, რაც ვფიქრობ, განვლილ პერიოდში ეფექტურად განხორციელდა. დროის ამ მცირე მონაკვეთში, ერთობლივ ფორმატში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განვიხილეთ და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ჩავუყარეთ საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

რეგულირებად სექტორებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე მოხსენებებით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი შაკიაშვილი, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს წევრი მედეინა ავგუსტინავიჩიენე და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საქმის მკვლევარი ნორა შინდლერი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ავსტრიის და ლიეტუვის მაგალითებზე დაყრდნობით მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის, კომუნიკაციების, საფოსტო და საბანკო  სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომლებიც მარეგულირებელი უწყებებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს.

ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები