ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო პროექტს იწყებს.
პროექტი „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში, in-situ და ex-situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ ოთხწლიანია და ის საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბანკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს კულტურებისთვის მინდვრის ცდების მოწყობას, რომლის შედეგებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში (EURISCO) აიტვირთება.
პროექტის შედეგად გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მორფოლოგიური, აგროსამეურნეო და საპასპორტო მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნეობების პირობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მცენარეთა ხანგრძლივი ex-situ კონსერვაციისთვის დანერგილი იქნება ხარისხის მართვის სისტემა და ეროვნული პროტოკოლები, ფერმერულ მეურნეობებს გადაეცემათ ტრადიციული ჯიშების სათესლე მასალა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფერმერებისთვის სამუშაო შეხვედრების, მინდვრის დღეების, ონლაინ ვებინარებისა და გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.