LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისას მძღოლები 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდებიან

2

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონთან ერთად, ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც” შედის.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – 300 ლარის ოდენობით.

მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითად მოსიარულეებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე – პირველი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება – 40 ლარი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარი.

ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ იზრდება, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს.

ასევე იზრდება ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური საშუალებით სარგებლობისთვის დაწესებული ჯარიმა და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქცია 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება.

ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება. კერძოდ, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება.

პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.