“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა“.
როგორც მან აღნიშნა, რეალურად გამოყოფილი ოთხეულის განცხადებები დასავლეთზე არ განსხვავდება მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებისგან და რეალურად, „ქართული ოცნებაა” ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთსა და საქართველოს შორის გაუგებრობას თესავს.
„ქართული ოცნება” ატარებს კვლევებს და კარგად იციან, მათ შემცირებულ ელექტორატში ნაწილი რჩება კვლავაც პროდასავლურად განწყობილი ადამიანების, ადამიანები რომ დააბნიონ, ვირეშმაკობა მოიგონეს, რომ ხალხი, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს ღიად, გამოყოფილია “ქართული ოცნებისგან” და “ქართული ოცნება” სამუშაო ფორმატებით მიდის ევროპისკენ. ეს არის ლეგენდა, საინფორმაციო დივერსია, რომ თითქოს ევროპაში, რეალურად კი გვიმზადებენ ბელარუსიზაციას. არაფრით განსხვავდება გამოყოფილი ჯგუფის განცხადებები ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის განცხადებებისგან. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი.
რუსეთის შუალედური მიზანია საქართველოს დასავლური რელსებიდან ჩამოშორება, რეალური მიზანი კი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დამონება და განადგურებაა. ამისკენ მიჰყავთ ქვეყანა – დამონებისა და განადგურებისკენ, რუსული ჭაობი სხვას არაფერს უქადის საქართველოს.
ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, ეს ხალხი არის რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. გვახსოვს, ყაველაშვილმა შეიგინა და მე საქართველოში არ მეგულება იმ ოთხეულზე უფრო პრორუსული ჯგუფი, ასე რომ, ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციას მიმართა:“ ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ…ი“.
აშშ- ის ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის განხეთქილების შექმნას.