„იმედის “ „ქრონიკის“ ჟურნალისტი, მანჩი გაბელია, რომელიც უკრაინაში ომის დროს იმყოფებოდა რეპორტაჟების გასაკეთებლად, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, რატომ დაეუფლა განსაკუთრებული ემოციები ვოლოდიმირ ზელენსკითან კითხვის დასმისას და რატომ ატირდა ამ დროს: „აუცილებლად უნდა მიმეტანა ჩვენი ხალხის და ქვეყნის გზავნილი უკრაინის პრეზიდენტამდე. მოვახერხე და ვუთხარი, რომ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არის უკრაინის დიდი მეგობარი და ჩვენი მიზანია მათ გვერდით დგომა. ეს ხდებოდა 23 აპრილს. მეორე დღეს აღდგომა თენდებოდა. ეს იყო პირველი აღდგომა, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად ვერ ვხვდებოდი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ასეთი რამ: როცა მთელი მსოფლიო ეგებება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიკვდილზე გამარჯვებას, ამ დროს ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს მოხუცებზე, უკრაინაში კი ბავშვები იხოცებიან, დღეს სამი თვის ჩვილი დაიღუპა, რომელიც ომის დაწყების დროს ერთი თვის იყოო. ამ სიტყვებზე ისე შემომიტია დიდი სიმძაფრით განცდილმა ტკივილმა, ცრემლები ვერ შევიკავე. ეტყობა, რომელიღაც ოპერატორმა ან რეჟისორმა, ვინც ამ ყველაფერს იღებდა, ეს კადრი დაიჭირა და შემდეგ გავრცელდა. მეორე დილით, აღდგომას, კიევის ყველაზე დიდ ტაძარში წავედი. აღმოჩნდა, რომ ექვსმილიონიან ქალაქში ეს კადრი უმრავლესობას ნანახი ჰქონდა. მოდიოდნენ ადამიანები და მადლობას მიხდიდნენ. უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა მექნა…“