ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით მას შემდეგ, რაც ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტი სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა, გუნდმა ტრანსფერებზე 733 მლნ ევრო დახარჯა. აღნიშნული მაჩვენებლით ”წითელი ეშმაკები” ევროპაში ლიდერობენ. მაგალითად, ”რეალმა” და ”ბარსელონამ” ერთად ამ ხნის განმავლობაში ჯამში მხოლოდ 173 მლნ-ით მეტი დახარჯეს.
8 ივლისს გაოფიციალურდა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი, რომლის სანაცვლოდაც ”იუნაიტედმა” ”ევერტონს” 85 მლნ ევრო გადაუხადა. ამ ზაფხულს უფრო მეტი თანხა მხოლოდ ”მილანმა ” დახარჯა – ”როსონერის” დანახარჯი 129 მლნ ევროს შეადგენს.
სწორედ 2013 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც მანჩესტერში ალექს ფერგიუსონის ერა დასრულდა, ”მანიუს” ბადალი არ ჰყავს სატრანსფერო ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ მათ ამ მაჩვენებლით ლიდერობა თანაქალაქელ „სიტის“ ჩამოართვეს. იქამდე ვიდრე ”წითელი ეშმაკები” ლუკაკუს იყიდდნენ, ლიდერი სწორედ ”სიტი” იყო ტრანსფერებზე დახარჯული 721 მლნ-ით.
ხუთეულში მანჩესტერული გრანდების გარდა შედიან ”ჩელსი”(491 მლნ), ”იუვენტუსი” (482 მლნ) და ”პსჟ” (462 მლნ.). ”ბარსელონა (454 მლნ) და ”რეალი” (454 მლნ) მეექვსე და მეშვიდე ადგილებს იკავებენ.
ამ პერიოდში მანჩესტერელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენების ოთხეული ასეთია:
პოლ პოგბა (105 მლნ ევრო)
რომელუ ლუკაკუ (85 მლნ ევრო)
ანხელ დი მარია (75 მლნ ევრო)
ანტონი მარსიალი (60 მლნ ევრო )
სერ ალექს ფერგიუსონის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი რიო ფერდინანდი იყო (46 მლნ ევრო).