LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მანჩესტერ სიტის” ყველაზე ცუდი ეპოქის ქართველი მეფე

127

ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ტალანტის გიორგი ქინქლაძის შესახებ ევროსპორტზე ვრცელი სტატია დაიწერა.

ინგლისში გიორგი ქინქლაძე სერხიო აგუეროზე მეტად უყვართ.

ქინქლაძის გვარის ხსენება საუკეთესო საშუალებაა დაადგინო, თუ როდის დაიწყო ვინმემ ”მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრობა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის რიგებში ჯერ კიდევ იქამდე ბრწყინავდა, სანამ გუნდს არაბები შეიძენდნენ. და თან ბრწყინავდა ისე, რომ მისი სახელი ინგლისში 20 წლის შემდეგაც ახსოვთ. ჟურნალმა FourFourTwo პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში ქინქლაძეს 52-ე ადგილი მიაკუთვნა.

ქინქლაძე ყველაფერს უბრალოდ აკეთებდა, მაგრამ მისი ქმედებები გენიალურად გამოიყურებოდა. ბურთის საჭირო ნახევარზე მიღების შემდეგ იგი ეძებდა ფეხბურთელს, რომელიც უნდა მოეტყუებინა და არა თანაგუნდელს, პასის მისაცემად. 90-იანების ათლეტურ პრემეირლიგაში იგი არა თავისი გაბარიტებით, არამედ არარეალურად მაღალი დონის დრიბლინგით გამოირჩეოდა.

ქინქლაძეები თბილისის “დინამოს” საშინაო სტადიონთან ახლოს ცხოვრობდნენ. ოჯახის უფროსს, რობინზონს შვილი თამაშებზე სამი წლის ასაკიდან დაჰყავდა. როდესაც გიორგი 19 წლის გახდა, მამამისი უკვე მარტო ადევნებდა თვალს შეხვედრებს, რადგან მისი ვაჟი მოედანზე იმყოფებოდა “დინამოს” ფორმით.

1993/94 წლების სეზონის პირველ ნაწილში ქინქლაძემ 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა. იმ დროინდელ საქართველოში ფეხბურთი ცოტას თუ ადარდებდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც შეამჩნიეს.

თავიდან ქინქლაძემ წარმატების მიღწევა მეორე ბუნდესლიგის გუნდში, ”ზაარბრიუკენში” სცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ იყო ინტერესი ”ატლეტიკოს” მხრიდან, თუმცა მათ ქართველი ფეხბურთელის ტალანტი ვერ დააფასეს. მოულოდნელად აგენტმა ქინქლაძეს ”ბოკა ხუნიორსის” წინადადება გააცნო. იგი მაშინვე დათანხმდა და ”ბოკას” რიგებში ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა, რის შემდეგაც გუნდში დიეგო მარადონა გადავიდა. ქართველი ფეხბურთელისათვის ეს დაუვიწყარი რამ იყო – იგი ბავშვობაში დიეგოს გულშემატკივრობდა, ახლა კი ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ ადგილისათვის. ქინქლაძეს თამაში სურდა და ისევ მადრიდში დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ მაინც სამშობლოში აღმოჩნდა ”დინამოს” პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მიწვევით. ჟორდანია ფეხბურთელს დაპირდა, რომ ევროპიდან ხელსაყრელი წინადადების მიღების შემთხვევაში მას წასვლაში ხელს არ შეუშლიდა და სიტყვა შეასრულა კიდეც.

მას შემდეგ, რაც ”მანჩესტერ სიტის” მფლობელმა ფრენსის ლიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოთამაშე უცნობი ფეხბურთელი დაინახა, რომელმაც უელსს 18 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით გაუტანა, ქინქლაძის შეძენა მისი მთავარი პრიორიტეტი გახდა და საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელი ”სიტიში” 2 მილიონ ფუნტად აღმოჩნდა.

ქართველის გადასვლა ინგლისში ვერავინ შენიშნა. მას არ ჰქონდა ბერგკამპისა და კლინსმანის მსგავსი კარიერა და თავიდან BBC-ის კომენტატორს მისი გვარის წარმოთქმაც კი უჭირდა, თუმცა რამდენიმე თვეში ”სიტის” ფანები უკვე სიმღერებს მღეროდნენ მის საპატივსაცემოდ. 1996 წლის მარტში მთელ პრემიერლიგას ქინქლაძის გვარი ეკერა პირზე. მის მიერ ”საუთჰემპტონის” კარში გატანილი გოლი დასახელდა საუკეთესო გოლად, რომელიც ოდესმე ”ქალაქელთა” მაშინდელ საშინაო არენაზე, ”მეინ როუდზე” გასულა.

იმ სეზონში ”სიტი” პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა ქინქლაძე გუნდიდან არ წავიდა, რითაც კიდევ უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ გუნდი პრემიერლიგაში დაებრუნებინა, მომდევნო სეზონში ქალქელები უკვე მესამე ლიგაში დაქვეითდნენ და გუნდში დარჩენა უკვე კარიერის საუკეთესო წლების დაკარგვას ნიშნავდა. ქინქლაძეს კონტრაქტებს ”ბარსელონა” და ”ლივერპული” სთავაზობდნენ, თუმცა მან ჰოლანდია აირჩია და ამსტერდამის ”აიაქსში” გადავიდა.

”აიაქსში” თამაშზე იმიტომ დავთანხმდი, რომ იქ შოთა არველაძე თამაშობდა. ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით ერთად გვეთამაშა დიდ გუნდში”, – იხსენებს გიორგი.

თუმცა „აიაქსში“ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ აეწყო. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც „სიტიში“ ცენტრში თამაშობდა, ფლანგზე გადასვლა მოუწია, რამაც ხელი შეუშალა თავისი შესაძლებლობების რეალიზებაში. ამის შემდეგ იყო ”დერბი ქაუნთი”, ”ანორთოსისი” და ბოლოს ”რუბინი”, სადაც 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.


თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ პოტენციალის სრულად გამოუყენებლობაში ბრალი მასვე მიუძღვის.

”ორ-სამ კვირას ვაცდენდი, შემდეგ კი მოედანზე გავდიოდი და ყველაფერი კარგად იყო. შეიქმნა ილუზია, რომ ვარჯიშზე ბოლომდე არ უნდა დაიხარჯო, რომ ტალანტი საკმარისია, მაგრამ ასე არ არის. ყოველთვის დგება მომენტი, რომ შენზე ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ უფრო მონდომებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელი გაჯობებს. მე კი ეს გვიან გავაცნობიერე.”

თუმცა ყველაფერი ასე ცუდადაც არ ყოფილა. ქინქლაძე ახლაც კარგად ახსოვს ”მანჩესტერ სიტის” სტაჟიან გულშემატკივარს. ამის შესახებ ყველაზე კარგად ციფრები საუბრობენ. გასულ შემოდგომას Goal.com-მა ჩაატარა გამოკითხვა ”ქალაქელთა” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, რომელშიც სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ღირსებას მხოლოდ სამი სეზონის განმავლობაში იცავდა. ქინქლაძემ უფრო მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე კოლინ ბელმა, რომელმაც ”სიტის” მაისური 394 შეხვედრაში მოირგო და 117 გოლიც გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები