LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MAN-ის პირველი ავტობუსი უკვე საქართველოშია

244

MAN Truck & Bus AG-ის  პირველმა ავტობუსმა უკვე საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ბათუმში შემოვიდა.

პირველი ავტობუსის ფოტო, რომელიც ბათუმში შემოვიდა, სოციალური ქსელით გავრცელდა.

როგორც მერიიდან ”ფორტუნას” აცნობეს, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში 30 სექტემბრამდე შემოვა.

თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული Man Truck and Bus AG-ის ავტობუსით განაახლებს.

გერმანული კომპანია “MAN Truck & Bus AG” -ი ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია. ტარახოვიცეში 1999 წელს აშენებული ქარხანა, სადაც, ახალი ავტობუსების ნაწილები ეწყობა, 261.804 მ2 ტერიტორიაზეა განთავსებული და “Man”-ის ყველა სახის ავტობუსის წარმოებაა შესაძლებელი. აქ 2006 წლიდან აწარმოებენ CNG საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ საქალაქო ავტობუსებს, რომლებიც სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას.

ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიან ქუჩებზე ივლის. გარდა ამისა, თბილისში მიმდინარეობს ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობაც, სადაც ხელმისაწვდომი იქნება  ყველა ის სერვისი, რაც ახალი ავტობუსების ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. ავტობაზა მისი მასშტაბითა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული აღჭურვილობით “Man”-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.
ავტობაზის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა, მათ შორის :  ადმინისტრაციული შენობა, გამშვები პუნქტი, სერვისცენტრი, საწვავგასამართი სადგური, სამრეცხაო, 377 ავტობუსის ტევადობის ღია სადგომი, დაცვის ჯიხურები და სხვა დამხმარე ნაგებობები.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. EBRD-ის სასესხო რესურსმა შეადგინა 27 მლნ ევრო, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა “E5P” 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები