ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ თითოეული თქვენი ინიციატივა გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს ახალ საგადასახადო ინიციატივებს აცნობს.
მამუკა ბახტაძემ ინიციატივების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფომა 120 ათას მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, ეს რეფორმა არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმა, არამედ გარკვეულწილად სოციალური პოლიტიკაცაა, ვინაიდან ის 120 ათასი მეწარმის უკან მდგარ ოჯახებსაც შეეხება.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული ინიციატივის შექმნაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ თქვენი კოლეგები. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ყოველთვის მეწარმემ იცის უკეთ, თუ რა სჭირდება მას მისი ბიზნესის გასავითარებლად და ჩვენ ვცდილობთ, აქტიური კავშირი გვქონდეს და აქტიური უკუკავშირი მივიღოთ ქართველი მეწარმეებისგან. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ უკეთ გავიაზროთ, რა მასშტაბის რეფორმაზე ვსაუბრობთ, მივიღოთ უკუკავშირი და ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ის, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ უფრო დავხვეწოთ და უფრო უკეთ მოვარგოთ თქვენს მოთხოვნებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში მცირე მეწარმის სტატუსი გაიზრდება და დღეს არსებული 100 ათას ლარიანი ზღვარი, ნახევარ მილიონამდე აიწევს.
„ასევე შემცირდება საგადასხადო ტვირთი 5-ჯერ და დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან ჩამოვალთ 1%-იან ნიშნულზე. მესამე – თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას საავანსო რეჟიმში და აღნიშნული პრაქტიკა გაუქმდება. მეოთხე – მნიშვნელოვნად მცირდება და მარტივდება ბუღალტერიის წარმოება. მეხუთე – მცირე მეწარმეებს ექნებათ საშუალება, ჩაითვალონ დღგ. თქვენ იცით, რომ ხშირ შემთხვევაში დღგ ხარჯად უფიქსირდებოდათ და ამის პარალელურად, ასევე იქნება დამატებითი შეღავათი ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღგ-ს ზედმეტობა დაფიქსირდება, სახელმწიფო ხაზინიდან ჩვენ 5 დღეში დავაბრუნებთ დღგ-ს ზედმეტობას მცირე მეწარმის ანგარიშზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ 6 ახალ ინიციატივაზეც იმუშავა, რომელიც, ბახტაძის აზრით, გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წილს ეკონომიკაში.
„ამასთან ერთად ჩვენ 6 ახალ ინიციატივაზე ვიმუშავეთ და გუშინ მოხდა მისი ოფიციალური პრეზენტაცია. ვფიქრობთ, ეს დამატებითი 6 ინიციატივა დაგვეხმარება მნიშვნელოვნად, რომ გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში და როგორც შედეგი მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ თითოეული თქვენი ინიციატივა გავითვალისწინოთ. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ნაბიჯი ამ რეფორმით იქნება გადადგმული ძალიან ფუნდამენტური და რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა დამატებითი ინიციატივები და დამატებითი ნაბიჯები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.