ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს ჩარლზ მაკლაფლინს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, OPIC-ის დახმარებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
„აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციაში შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. 20 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის დახმარებით, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღსანიშნავია, რომ OPIC-ი აპირებს დაფინანსების პორტფელის გაზრდას საქართველოსთვის. ჩვენ ამერიკულ მხარეს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღნიშნული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების კუთხით OPIC-ის ჩართულობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მომავალში უფრო მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ-ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება. OPIC 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში.