LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია ვიხილოთ მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში

77

ჩვენი მიზანია, პირველი – მნიშვნელოვნად გავზაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში და მეორე – ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა, უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ჩვენს რეგიონებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძე ბათუმში მცირე მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიდგომაა, არც ერთი საგადასახადო ინიციატივა არ იყოს მიღებული მოქალაქეებთან და მეწარმეებთან კონსულტაციების გარეშე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ის მასშტაბური რეფორმა, რომელსაც გეგმავს საქართველოს მთავრობა, იყოს წინასწარ გავლილი ჩვენს მეწარმეებთან და მათგან მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და წინადადებები, როგორ შეიძლება ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაიხვეწოს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს.  „საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ ჩავალთ რეგიონებში და მოვუსმენთ მეწარმეებს. აჭარას ამ კუთხით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონს. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. რეფორმა ეხება 120 000 მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული რეფორმის დანერგვის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ამ სექტორის მნიშვნელოვნად გაზრდილ წილს ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები