ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელსაც კონსტრუქციული ხედვები ექნება. მისი თქმით, საქართველოს ზეპარტიული ამოცანები აქვს და მათი შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს.
“ეს ამოცანებია: ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.