LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობის კონტროლის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბის დამარცხება

108

საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის მედიათეკაში პრეზენტაცია გამართა. მან დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.

ბახტაძის ინფორმაციით, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს – ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ჭარბვალიანობის ეფექტური კონტროლის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბის დამარცხება. ხშირ შემთხვევაში, ჭარბვალიანობა ხდება სიღარიბის მთავარი წყარო და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რეფორმის მიხედვით:

  • თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე.
  • იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების  – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.
  • სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე.
  • ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
  • წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით.
  • მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი.
  • ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.
  • აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.
  • შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

„სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody’s) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ  ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას. რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორი თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს.

ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან, როგორიცაა- სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს”, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები