როენა ხუცურაულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მან სამდღიანი დუმილი გუშინ სასამართლო დარბაზში დაარღვია და ბრალი აღიარა.
“ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ,” – განაცხადა სასამართლო სხდომაზე სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა. სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძემაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ პოზიცია შეცვალა და დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
საქმის პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ დანაშაულის აღიარების გამო გირაოს გამოყენება მიზანშეწონილია.
“მოინანიეს დანაშაული. ასევე მზაობა გამოხატეს რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო. გაუთვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ის ობიექტი სადაც ხდებოდა დანაშაული ახლა დალუქულია”, – თქვა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა.
შეგახსენებთ, გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობდა.