რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ბრალდებული 29 წლის მამაკაცის მეგობრები საუბრობენ. ისინი ყვებიან, რომ მამაკაცი, რომელმაც დღეს საკუთარი ძმისშვილი მოკლა, მკვლელობის წინა დღეს არა ადეკვატურად იქცეოდა.
მათი თქმით, მამაკაცი გუშინ რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ ურჩიეს, რომ მას ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. მეგობრები ყვებიან, რომ მამაკაცი მაშინვე თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 ათასი არის გადახდა მოსთხოვეს.
მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.
„შევხედეთ, რომ რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ წაგვეყვანა რუსთავში კლინიკაში. როდესაც მივიყვანეთ რუსთავში, გადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში და იქ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა,“ – აცხადებს 29 წლის მამაკაცის მეგობარი.
29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს.
„წესიერადაც არ შეამოწმეს. ყველაფერი გასაგებად უთხრეს, რომ რაღაცეები ავიწყდება, რაღაცეები ეჩვენება, ვიღაც დასდევს… ადგილები არ არისო, მაგრამ შემდეგ გვერდით შევედით, იქ გვითხრეს 3 ათასი ლარი არის გადასახდელიო. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს კი ვიშოვით, ჩამოვიტანთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რა ვუყოთ-თქო. ვერ დავტოვებთო, ფული წინასწარ უნდა გაიხადოთო. ადამიანმა თქვა, მე რა ვქნა, ასეთი კანონიაო, მე ვერაფერს ვერ ვიზავო,“ – ამბობს კიდევ ერთი მეგობარი “რუსთავი 2-თან”.