LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა თეოდორე გიგნაძის გადაწყვეტილებით, ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

2819
Teodore-gignadze

კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯვართამაღლების ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს და პასუხისმგებლობა ეკლესიებმა უნდა იტვირთონ.

დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ.

მისივე განმარტებით, ტაძარში მსახურება არ გაჩერდება და შეზღუდვა მხოლოდ მრევლის დასწრებას ეხება.

“გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს – მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული”,-აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები