რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როდის გადაწყვიტე მსახიობობა?
არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე, დედას სურდა, მუსიკოსი გამოვსულიყავი. კონსერვატორიაში მატარებდა. ფლეიტაზე დაკვრას მასწავლიდა ცნობილი პედაგოგი, ნუგზარ კიკნაძე. მოკლედ, მუსიკალური განათლება მაქვს. შემდეგ სპექტაკლში მონაწილეობა შემომთავაზეს და აქ შედგა ჩემი სტარტი. მითხრეს, ნიჭი გაქვს და ჩააბარე თეატრალურშიო, მე კი ამ დროს არც მუსიკოსობა მინდოდა და არც მსახიობობა, მინდოდა ხატვა, სამხატვრო აკადემიაში მსურდა ჩაბარება. შემდეგ გიზო ჟორდანიამ „სამანიშვილის დედინაცვალში“ დაგვაკავა ხუთი ბიჭი. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. მანამდე უკვე ვდგამდით სხვადასხვა, ძალიან კარგ სპექტაკლს. შემდეგ კი „რუსთაველის თეატრში“ გადავინაცვლე, დედა ძალიან ბედნიერი იყო.
მალე აირია ჩემი ცხოვრება და ვიფიქრე, რომ ჯობდა, გავრიდებოდი ყველაფერს, მიზეზი ისევ ოჯახური სიტუაციები იყო, მითქმა-მოთქმა. პოპულარული ვიყავი, ყველა ჩახედული იყო ჩემს პირად ცხოვრებაში, ამიტომაც ავირიე, დამღალა ყოველივე ამან, ეს ჟურნალისტებიდან გამომდინარეც მოხდა. ჩემი ყველზე სწორი ქმედება იმ მომენტისთვის, იყო იგნორი. ჩემი ახლობელი ადამიანებიც მე მადანაშაულებდნენ, ამიტომ გავერიდე კიდეც აქაურობას, ბათუმში გადავედი საცხოვრებლად.
გავიხსენოთ სერიალები, პოპულარობის პიკი…
მიუხედავად გაჭირვებისა, უშუქობისა, ომისა, არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ჩვენი სერიალი, „ძილის წინ“, ნათელი წერტილი იყო იმ პერიოდში. საოცარი მსახიობები თამაშობდნენ. თავიდან დამიბარეს კოკა ყანდიაშვილმა და ბასა ფოცხიშვილმა, მათ მითხრეს, დამტკიცებული ხარ მთავარ როლზე, შენი მეუღლის როლს კი გოგოლა კალანდაძე ითამაშებსო. გადაღებები ყოველ დღე უნდა ყოფილიყო, მე კი არ ვიცოდი, როგორ შემეთავსებინა თეატრისთვის. მახსოვს, 500 დოლარი იყო ხელფასი, ეს რომ მითხრეს, თვალები გამინათდა, იმიტომ, რომ თეატრში ათასჯერ ნაკლები ხელფასი მქონდა.
პირად ცხოვრებაზე გვესაუბრე, ეს საზოგადოებაში მუდამ დიდი ინტერესს იწვევდა…
მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდა, ოჯახები, რომანები, თავგადასავლები და ძალიან მაგარი ქალბატონები არიან ჩემი შვილის დედები. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან, მუდამ მათ გვერდით ვიქნები. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, მათ კარგ ბუნებაზე მეტყველებს. ყოველივე ეს ჩემი ბოლო მეუღლის დამსახურებაცაა, ჩემი შვილები მასზე გიჟდებიან. ის ჩემი ბოლო და უკანასკნელი მეუღლეა. ჩვენ საერთო შვილი არ გვყავს, მას ორი შვილი და შვილიშვილი ჰყავს. ვამაყობ ჩემი შვილებით, რომ მეკითხებიან, რა შეგიქმნიაო, ვპასუხობ, რომ სამი უმაგრესი პროექტი შევქმენი.
ახალ სერიალზე გვესაუბრე, „მსხვერპლი“, რომელიც გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, შენ ამ სერიალის პროდიუსერი ხარ და ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებ…
აღმასრულებელი პროდიუსერი ლევან ყუბანეიშვილია, რეჟისორი კი „ძილის წინის“ რეჟისორი, ლაშა ცერიაშვილი. ამ სიუჟეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველა ჩართულია, სულ კარგი კომენტარებია. გადაღებები ქუთაისში მიმდინარეობდა, იქ გადავსახლდით და თვე-ნახევარში დავასრულეთ. ეს სერიალი რამდენიმე ქვეყანაში გადაიღეს, ამიტომ გარკვეულ სტანდარტებში უნდა ჩავმჯდარიყავით, თუმცა ქართულ რეალობაზე მორგების საშუალებაც მოგვცეს. ჩემი მეუღლე იღებს მონაწილეობას, მეოთხე სერიაში უნდა გამოჩნდეს.
ახლა შენი გეგმებიც გაგვანდე, რაღაც სიახლეები გაქვს…
10 წლის შემდეგ თეატრში დავბრუნდი, რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობ. ასევე საქართველომ გრანტი მოიპოვა, „არტ-ლაბი“ ჩამოყალიბდა, ახალ პროექტს „არტ-ქარავანი“ დაერქმევა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი რეჟისორები ჩამოვლენ, გადაიღებენ ტურისტულ, მოკლემეტრაჟიან ფილმებს, გამოცხადდება სცენარების კონკურსი, ლოკაცია ბათუმში იქნება.