LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე შევძლებთ იმ დახურული კარის გაღებას, რასაც გვამური დონაცია ჰქვია

783

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ მალე შევძლებთ იმ დახურული კარის გაღებას, რასაც გვამური დონაცია ჰქვია,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ქაშიბაძემ განუცხადა.

გვამური დონაცია გულისხმობს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების გამოყენებას ცოცხალი ადამიანისთვის. კანონის მიხედვით, ადამიანი გარდაცვლილად ითვლება მას შემდეგ, რაც მას თავის ტვინის გათიშვა ან გულის გაჩერება უფიქსირდება. დონორად ძირითადად იყენებენ ადამიანს, რომელსაც თავის ტვინის გათიშვა უფიქსირდება, თუმცა, იშვიათად, გულის გაჩერების შემთხვევაშიც შესაძლებელია ადამიანის ორგანოების გამოყენება, მაგრამ, კახა ქაშიბაძის თქმით, ეს მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე გვამური დონაცია აკრძალული არ არის, მსგავსი ტიპის ოპერაცია არასდროს ჩატარებულა. როგორც კახა ქაშიბაძე განმარტავს, გვამური დონაციის არ არსებობას საქართველოში უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მთავარ პრობლემად კი საზოგადოების მოუმზადებლობასა და არასაკმარის თანხებს ასახელებს.

„საკანონმდებლო დონეზე საქართველოში გვამური დონაცია არ იკრძალება, მაგრამ ბოლომდე არ გვაქვს მიყვანილი ეს საქმე. ბოლომდე არ არის დეფინიციები, როდის შეიძლება გამოვრთოთ პაციენტი აპარატიდან, საბოლოოდ ვაღიაროთ ტვინის სიკვდილი და ეს მენტალურად გაიგივებული იყოს ზოგად სიკვდილთან. პრობლემები არის როგორც რელიგიურ ასევე სოციალურ სფეროში და პლიუს თანხა“ – აცხადებს კახა ქაშიბაძე.
საქართველოში ქსოვილოვანი ტიპის ლაბორატორია დაარსდება

საქართველოში ვიზიტით თურქ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფი იმყოფება. ვიზიტის მიზანია ქვეყანაში გვამური დონაციის დამკვიდრება. თურქ ტრანსპლანტოლოგთა დახმარებით იგეგმება გვამურ ორგანოთა გადანერგვის პროგრამის დაწყება და ქსოვილოვანი ტიპის ლაბორატორიის ჩამოყალიბება. ლაბორატორიის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოში გულის გადანერგვა, რაც შესაბამისად, გვამური დონაციის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
როგორც კახა ქაშიბაძე განმარტავს, გვამური დონაციის დასამკვიდრებლად აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. მისივე თქმით, გვამური დონაციის საკითხი უამრავი კომპონენტისგან შედგება და ყველა კომპონენტის განვითარება ერთად უნდა მოხდეს.

„ამ საკითხში განათლება საჭიროა. დღეს საქართველოში გვამური დონაციის ძალიან დიდი სურვილიც რომ იყოს, ვერაფერს ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ გვამური დონაციის შემთხვევაში, გადანერგვა უნდა მოხდეს ადამიანის გარდაცვალებიდან უახლოეს საათებში, ძალიან დიდი თანხა არის საჭირო, რომელიც მოლოდინის სიაში მყოფ პაციენტს უნდა ჰქონდეს, ასეთი ადამიანები საქართველოში არ არიან. ეს საკითხი ბევრი კომპონენტისგან შედგება და ყველა თუ ერთად არ განვავითარეთ ისე არაფერი არ გამოგვივა, ბოლოს მაინც თანხებთან მივალთ“ – აცხადებს კახა ქაშიბაძე.

ორგანოთა ტრანსპლანტაციის რამდენი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში

ორგანოთა ტრანსპლანტაცია ავადმყოფი ორგანოს ჯანმრთელით ჩანაცვლებას გულისხმობს. დღესდღეობით მსოფლიოში 6 ორგანოს გადანერგვაა შესაძლებელი: თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი, პანკრეასი და წვრილი ნაწლავი.
საქართველოში მხოლოდ ორი ორგანოს გადანერგვა ხდება, ეს არის: თირკმელი და ღვიძლი. თირკმლის გადანერგვა საქართველოში პირველად 1977 წელს მოხდა, როდესაც რუსეთში გარდაცვლილი ადამიანის თირკმელები გადაუნერგეს ცოცხალ ადამიანს, თუმცა ეს ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. 1995 წლიდან კი ოპერაციები განახლდა და ამჟამად ორგანოთა ტრანსპლანტაციის 250-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აქედან მხოლოდ საქართველოში ჩატარებული არის ღვიძლის 19 და თირკმლის დაახლოებით 150-მდე ტრანსპლანტაცია.

ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს რისკები ძალიან მაღალია

ორგანოთა გადანერგვისთვის აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფები ეწყობოდეს ერთმანეთს. გარდა ამისა, როგორც კახა ქაშიბაძე ამბობს, მანამ სანამ ოპერაცია ჩატარდება, საჭიროა სხვა გამოკვლევების ჩატარებაც, თირკმლის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტების ანტიგენებზე შემოწმება.
ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს რისკები ძალიან მაღალია. როგორც კახა ქაშიბაძე აღნიშნავს, მსოფლიოში 1000 დონორზე ერთი გარდაცვლილი ფიქსირდება.

„ტრანსპლანტაციის დროს რისკები ძალიან მაღალია, 1000 დონორზე ერთი გარდაცვლილია, თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და იმედია არც დაფიქსირდება“ – აცხადებს კახა ქაშიბაძე.

 

 

  

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები