LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ხელშესახებ შედეგებს დავინახავთ – კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტი წარადგინა

43

ღამის მუზეუმები, ღია კინოთეატრები და განვითარების სივრცე სტარტაპერებისთვის- თბილისის მერმა დღეს თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტი წარმოადგინა. საღამოს რვიდან დილამდე გართობისა და დასვენების საშუალება თბილისის ყველა რაიონში თანაბრად იქნება გადანაწილებული.

პროექტის შემუშავებაში მსოფლიოს ქალაქების ღამის ცხოვრების გამოცდილება იქნა გათვალისწინებული, მათ შორის ლონდონის, ვილნიუსის, ნიუ იორკის , ბერლინის გლაზგოს პრაქტიკა.

“ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოების საკითხები, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება, რაც მთავარია, დედაქალაქის სხვადასხვა უბნის განვითარება და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენება. ამ პროცესში, ასევე, იგულისხმება კვების, სასტუმრო და სავაჭრო ობიექტების შექმნა, რომლებიც, ვფიქრობთ, აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული კონცეფციის განხორციელებაში.

რატომ ღამის ეკონომიკა, ამას მარტივი პასუხი აქვს – დროა, განვავითაროთ და შევქმნათ ახალი სერვისები თბილისის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და ხელოვნება, დედაქალაქის უძველესი არქიტექტურა, რომელიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ტურისტებში. ამისათვის, ჩვენ უზრუნველვყოფთ ზემოთხსენებული სექტორების სტიმულირებას და კოორდინაციას, შედეგად კი ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სტარტაპების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, გაჩნდება დამატებითი შემოსავალი დედაქალაქის მოსახლებისთვის, თბილისის ბიუჯეტისთვის, გაჩნდება ახალი საინტერესო სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბნებში. მთლიანობაში გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა და წარმოებული სერვისის თუ პროდუქციის მოხმარება ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების მიერ.

ამ შედეგების მისაღწევად, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ დონორები. მომზადდება კვლევა, რათა გვქონდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები პერსპექტიული მიმართულებებისა და გამოწვევების შესახებ. შევისწავლით ყველა უბნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საინვესტიციო პოტენციალს და მასზე დაყრდნობით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შევიმუშავებთ თბილისის ღამის ეკონომიკის სტრატეგიას,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ პროექტის ხელმძღვანელს სერგი გვარჯალაძეს წარმატებები უსურვა.

“მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელშესახებ შედეგებს დავინახავთ ამ მიმართულებით,”- განაცხადა კალაძემ.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის, განმარტებით, საქართველოში ტურიზმის ბუმია და პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ახალი ვიზიტორების შემოსვლას, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ყოფნის დროსაც გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები