LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ამ პროცესის გავლა ყველა მძღოლს მოუწევს – გამონაკლისები, წესები და ფასები ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებაზე [ვიდეო]

336

საქართველოში დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექტირების ცენტრებისკენ ყველა ის მანქანა უნდა დაიძრას, რომელთა ძრავის მოცულობა 3 კუბური სანტრიმეტრი ან მეტია. ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის კი ეს სავალდებულო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იქნება.

რაც შეეხება ინსპექტირების კონკრეტულ თარიღს, ანუ რომელი კატეგორიის მანქანები რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას, შესაბამისი გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. უფრო კონკრეტულად, ავტომანქანის მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტომანქანისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2009 წლის აგვისტო, მისთვის ტექნიკური ინსპექტირების ბოლო ვადა ტექდათვალიერების დაწყებიდან აგვისტომდე იქნება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატ­რან­სპორ­ტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ავტომობილებს, რომლებიც გაზზე მუშაობენ, სჭირდებათ ასევე სერთიფიკატი, რომელიც მათი ბალონის გამართულ მდგომარეობას ადასტურებს.

ტექინსპექტირებისას მოწმდება:

  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია;
  • სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა;
  • სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა;
  • ხილ­ვა­დო­ბა;
  • ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა;
  • ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა;
  • შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი;
  • სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი;
  • გარემოზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

“ფორტუნა” ამ ყველაფრის სანახავად, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ქუიქ ტესტს ეწვია – სახელიდან გამომდინარეც მიხვდებით, რომ ცენტრი აქცენტს სწრაფ მომსახურებაზე აკეთებს. ცენტრის ფილიალებში ერთდროულად 5 მანქანაზე მეტის მომსახურებაა შესაძლებელი. ფიზიკური და კერძო პირების მომსახურება გამიჯნულია, ტესტირების დაჯავშნა კი ონლაინ გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი, რაც როგორც მფლობელები ამბობენ, რიგებს და დროის კარგვას, მომხმარებელს თავიდან არიდებს.

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ფასები:

მსუბუქი ავტომობილებისთვის (მ1) ტექინსპექტირების გავლა 60 ლარი ღირს

მიკროავტობუსები (მ2) 100 ლარი

4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე ავტომანქანებისა – ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე – ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის – ყოველწლიურად. მიკროავტობუსებს ტექდათვალიერების გავლა უწევთ წელიწადში ორჯერ, ექსვთვიანი ინტერვალით.

 

გაზზე გადაყვანილი ავტომობილებმა, აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით უნდა გაიარონ:

1. ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;

2. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები