დღეს აქონდროპლაზიის ცნობიერების ამაღლების დღეა.
თარიღს სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის, პატარა პეტრეს მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი ეხმაურება.
როგორც მშობელი აღნიშნავს, ცნობიერება ჯერ საშუალოზე მაღლაც არაა აწეული საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
„დღეს აქონდროპლაზიის ცნობიერების ამაღლების დღეა.
მიუხედავად აქციებისა და ტელევიზორებში გამოჩენისა, ცნობიერება ჯერ საშუალოზე მაღლაც არაა აწეული საზოგადოებაში, განსაკუთრებით ბავშვებში.
ზუსტად გუშინ ეკითხებოდა პეტრე ძმებს რჩევებს, რა შეიძლებოდა ეპასუხა ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლის დერეფანში, ქუჩაში, მაღაზიაში, პარკში, მიდიოდნენ და ,,ბაიას”, პაწაწინას, აღუას ეძახდნენ.
ესენიც ისხდნენ და გამწარებულები იგონებდნენ ფრაზებს, რომლებითაც პეტრე თავის დაცვას და საკადრისი პასუხის გაცემას შეძლებდა.
ვუსმენდი და რამდენჯერაც ვცადე მათ საუბარში ჩართვა, იმდენჯერ ენა დამება, ყველა აზრი იქით მიმირბოდა, რომ მშობელს დაველაპარაკო, ავუხსნა, აუხსნას, ან მე ავუხსნა ბავშვებს, ვასწავლო, მაგრამ პეტრეს ამის გაგონება არ სურს, პირადად შეურაცხყოფილია უკვე და მისთვის იმის ახსნაც ძალიან რთულია, რომ არ იცის იმ ბავშვმა, თორემ ამას არ იტყოდა.
მოკლედ, იზრუნეთ და ყველამ ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე და ურთიერთპატივისცემაზე. ბავშვებს კი ვასწავლოთ, რა რას ნიშნავს, მათთვის გასაგებ ენაზე და სიყვარულით,“ – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.