LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ”

59

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 5%-ით გაიზრდება,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 4.5%-იან ზრდაზე, თუმცა, იანვარ-თებერვლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ უკვე 4.9% შეადგინა, მხოლოდ თებერვალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5.5%-ს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელსაც შენარჩუნებულია ექსპორტის იმპორტთან შედარებით მკვეთრი ზრდის ტენდენცია“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება და წელს, სავარაუდოდ, სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება.  „გასულ წელს ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო სამომხმარებლო ფასების, ინფლაციის ზრდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ინფლაციის დონემ -0.4% შეადგინა, ანუ, დეფლაცია დაფიქსირდა, წლიურმა ინფლაციამ კი – 2.8% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთი წელს 3%-ით განისაზღვრა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი- 3.5%-ზეა გათვლილი. ვფიქრობ, ინფლაცია მიმდინარე წელს დაგეგმილ ფარგლებში იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი წლების განმავლობაში 12%-ის ფარგლებში მერყეობდა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება განაპირობა ექსპორტის იმპორტთან შედარებით და ტურიზმიდან შემოსავლების, ასევე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდა 530 მილიონი დოლარით, პირადად მე მიმაჩნია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება და ქვეყანაში მაკროეკონომიკურ და სავალუტო სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტემპებიც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოპერატიული მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობებმა 2 მლრდ. 961 მლნ. ლარი შეადგინა და გეგმა 213 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

„ჩვენ სწორი კურსი გვაქვს აღებული, სწორი გზით მივდივართ და ეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები