20-21 ივნისის დარბევის დროს დაშავებული მაკო გომური, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის სხდომაზე, მისთვის საშვი დაუშვეს და მხოლოდ 5 წუთით ადრე გააგებინეს, ის კი თბილისში არ იმყოფება.
“ეეე ბიჭოოო, არ ვარ ტიფლისში არააააა; კახეთის გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ.
ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა.” – წერს მაკო გომური “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, დღე პარლამენტში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ხვდებოდა. მთავრობის მოსმენაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” სიმღერა “გახარიას უხარია” ჩართო. კლიპში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები და აქციის დარბევის კადრებია გამოყენებული.
მოგვიანებით, ფრაქციის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება სხდომის შეწყვეტის შესახებ.
რა გახდა სხდომის შეწყვეტის მიზეზი?
მე თქვენ დაგასრულებთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარიას მოსმენა შეწყვიტა (ვიდეო)
სხდომის შეწყვეტის მიზეზი, აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებისთვის, პარლამენტის საშვის დაშვების მიუხედავად, შენობაში შესვლის შეფერხება გახდა.
როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, 20 ივნისის ღამეს დაშავებულ მაკო გომურს არ უშვებენ პარლამენტში, მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მოუსმინოს “სისხლის სამართლის დამნაშავეს გიორგი გახარიას”.
სალომე სამადაშვილს გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ რაც აქ ხდება არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე.
შეგახსენებთ, 20-21 ივნისს სპეცრაზმმა, ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი დაარბია. დარბევისას ასობით ადამიანი დაშავდა და დააკავეს, მათი ნაწილი დღემდე მკურნალობას გადის, ორმა მათგანმა კი დარბევის შედეგად თვალი დაკარგა.
დარბევის შემდეგ, არ წყდება ყოველდღიური მიტინგები პარლამენტთან, მათი სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია – დაკავებული მომიტინგეები გამოუშვეს და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს; დარჩენილია მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. გახარია მინისტრის პოსტს აღარ იკავებს, თუმცა ის მალე საქართველოს პრემიერი გახდება.