LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები ამ სეზონზე – რით ჩავანაცვლოთ ტონალური კრემი

460

მაკიაჟი ქალისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა. ცნობილი ვიზაჟისტი ანუკა მურვანიძე თანამედროვე ტენდენციების შესახებ გვესაუბრება და რჩევებსაც გვაძლევს, როგორი მაკიაჟი იქნება უკეთესი ქალბატონებისთვის.

ანუკა, რომელი ფერები არ უნდა შევურიოთ ერთმანეთს?

ანუკა მურვანიძე:

გააჩნია თვალის ფერს, თმისა და კანის ფერებს. მთავარია, მოგვიხდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა ყველას უყვარს თვალების ჩამუქება, ეს ყოველთვის საჭირო არ არის. ფერების ნუ შეგეშინდებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუთიყუშს დაემსგავსებით, ეს მიუთითებს ორიგინალურობაზე, არ ვგულისხმობ ძალიან მყვირალა ფერებს. გამოკვეთონ უფრო მეტად თვალის ფორმა და თვალის ჩრდილი ნუ იქნება დომინანტი, ნაზად და ჰაეროვნად დაიტანეთ თვალზე. რასაკვირველია, მაკიაჟი ტანსაცმელს უნდა შეუხამოთ.

რამდენად აქტუალურია ლაინერით შესრულებული ხაზები თვალზე?

ლაინერი აქტუალობას არასდროს დაკარგავს, 30-იანი წლებიდან მოდის, ცოტათი ვინტაჟურია, სამაგიეროდ, მკაცრ და სექსუალურ იერს ანიჭებს ქალს, ამიტომაც მოსწონთ, თუმცა ყველას არ უხდება. ხაზი სწორად უნდა შევარჩიოთ, ლაინერის ხაზის სისქე სხვადასხვა დროს სხვანაირი იყო – ხან სქელი, ხან წვრილი, ხან წაწვეტებული. თვალის ფორმა აქაც გადამწყვეტია. ოდნავ დაწეულ თვალზე ლაინერით ხაზის გასმა არ არის რეკომენდებული, შესაძლოა, ხაზი არასწორად გაკეთდეს და თვალი უფრო დაბლა დაიქაჩოს.

კიდევ რა არის ტრენდული ამ სეზონზე?

მესამე წელია, ძალიან მოდურია წითელი პომადა. თვალზე თითქმის არაფერს ისვამენ და ტუჩზე წითელ პომადას, ესეც ვინტაჟურია. ბოლო თვეებია, მოდურია მდგრადი, არამბზინავი პომადა, ე.წ. ხავერდის ეფექტით, მაგრამ აქაც ინსტრუქციებია, მშრალ ან წვრილ ტუჩზე მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. რაც შეეხება წითელ პომადას, წვრილ ტუჩზე მისი წასმაც არ არის კარგი, არც ძალიან მსხვილ ტუჩზე, რომ ვულგარული არ გამოჩნდეს. ასევე მოდაშია მკრთალი პომადებიც.

ასევე მოდურია ბრონზინგები ლოყებზე, ოღონდ გარუჯულ კანზე. არაგარუჯულ კანზე, შემოდგომის სეზონზე, ბუნებრივი, ე.წ. მოგუდული ფერები ჯდება კარგად. მოწითალო, მწვანე, ოქროსფერი შეგიძლია გამოიყენოთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალებზე აუცილებლად მწყვირალა წითელი უნდა წაისვათ. მოდურია მუქი შინდისფერი ტუში, ფანქარი. მაკიაჟი ახლა ხშირად კეთდება კარამელის ფერებში, რომელიც საღამოსა და დღის ჩაცმულობასაც უხდება და ასე ვთქვათ, უნივერსალური მაკიაჟია.

ბევრი დერმატოლოგი არ ურჩევს ქალბატონებს ტონალურის ხშირად მოხმარებას, არადა, უამრავი ქალი მთელ დღეს ტონალურით დაფარული კანით ატარებს.

სწორად ამბობენ, იმიტომ არა, რომ თმა ამოჰყავს სახეზე, რადგან ეს მცდარი ინფორმაციაა. ვისაც ჰორმონალური დარღვევა აქვს, თმა მას ამოსდის და ეს ტონალურის ბრალი ნამდვილად არ არის. ტონალური და მით უმეტეს, იაფფასიანი ტონალური კრემი, ფორას ხურავს, კანს ჟანგბადი არ მიეწოდება და აკნესა და კანის გამოშრობას იწვევს.

უნდა გამოიყენოთ თქვენი კანისთვის შერჩეული ნელსაცხებელი, საღამოს შეგიძლიათ ტონალურის გამოყენება. დღის განმავლობაში მძიმე ტონალურის გამოყენება არ არის აუცილებელი, როცა არსებობს ბი ბი, სი სი, ან დი დი კრემები, ნელსაცხებლები, რომლებიც შეიცავენ კომპონენტებს, რომლებიც კანს სჭირდება, ხოლო პიგმენტები ფარავს პრობლემებს თქვენს კანზე. ახლა ძალიან მოდურია და ბოლო წლების განმავლობაში ყველა ევროპელი ქალი მათ მოიხმარს ყოველდღიურად. გადადით ბიბი კრემებზე, ძალიან კარგია (იღიმის).

მთავარი რჩევები მოგვეცით კარგი მაკიაჟისთვის…

1)კარგად გაიცანით საკუთარი თავი, რა გსურთ და რისი მიღწევა გინდათ.
2)თვალი ადევნეთ მოდურ ტენდენციებსა და ტრენდებს, რომ სწორად გაითვალისწინოთ.
3)ნუ ეცდებთ, მიემსგავსოთ ერთმანეთს და ნუ დაკარგავთ საკუთარ ინდივიდუალობას, ეს სერიოზული პრობლემაა ახალგაზრდებს შორის.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები