საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მაია ოთინაშვილის გატაცების საკითხს აქტიურად ადევნებს თვალყურს. როგორც ელჩი აცხადებს, მაია ოთინაშვილის გატაცების საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.
„რაც შეეხება ამ პიროვნების გატაცებას, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია, სხვადასხვა მხარეები მუშაობენ იმაზე, რომ დაადგინონ ფაქტები, მოხერხდეს და ხელი შევუწყოთ ჰუმანიტარული ზომების გამოყენებით მის გათავისუფლებას. მის პირად მდგომარეობაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ფაქტები არ არის ცნობილი, ახლა ვცდილობთ, რომ კონტაქტი იყოს მის ოჯახთან და პირველწყაროსთან,“ – განაცხადა ელჩმა.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10 დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.