საქართველოს ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეჰშოს (François Painchaud) შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა.
შეხვედრისას საუბრი შეეხო საქართველოს საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს, რომელზე გადასვლაც 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება და რომელიც საბანკო სექტორის გარდა, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საბანკო სექტორის ბაზარი მიმოიხილა. საუბარი შეეხო საბანკო დეპოზიტების დაბალ და სესხების მაღალ პროცენტულ განაკვეთებს და მათ შორის არსებულ მაღალ მარჟას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, საქართველოს სამშენებლო ბაზრის განვითარებაზე და დედაქალაქის არაპროპორციულ ურბანულ განვითარებაზე.
შეხვედრისას ხაზი გაესვა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას და მის პრიორიტეტულობას.
„დღეს საქართველოს ბიუჯეტის 34 პროცენტი სოციალური პროექტების დაფინანსებას ხმარდება. აუცილებელია, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამის ალტერნატივად კი, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება უნდა განიხილოს, რომლის ხელშეწყობაც მიწის რეგისტრაციის გამარტივებაა და რომელიც უკვე ხორციელდება და აქტიურ ფაზაშია შესული“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.